ვარკეთილში ევაკუირებულ მოსახლეობას ნივთები გამოაქვს

ავარიული სახლიდან 18 ოჯახია ევაკუირებული
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ვარკეთილში საცხოვრებელი სახლის მერვე სადარბაზოში ნგრევის საფრთხის შეფასების შემდეგ მაშველებმა მობინადრეებს ბინებიდან პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს, განაცხადა სამგორის რაიონის დეპუტატმა რევაზ სოხაძემ პირველი არხის ეთერში.

შაბათს ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის №322 საცხოვრებელი სახლის მერვე სადარბაზოდან 18 ოჯახი გამოიყვანეს. მაშველებმა ეს გადაწყვეტილება ადგილზე ვითარების შეფასების და საინჟინრო ჯგუფის მიერ სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მიიღეს.

„ყველა საჭირო პირველადი დახმარების ნივთით, რაც სჭირდებოდათ, უზრუნველყოფილნი არიან. დღეს მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდება ამ სადარბაზოს გამაგრება. ამ ადამიანების უზრუნველყოფას საცხოვრისით, ვიდრე აქ ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება, თავიდან ბოლომდე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.