ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა - ვიდეო

ქუთაისსა და ოზურგეთში დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, პირველი სართულები და მაღაზიები, დაზიანებულია გზები
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ძლიერმა წვიმამ იმერეთსა და გურიაში პრობლემები შექმნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში, დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები. რუსთაველის და ფალიაშვილის ქუჩებზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე რამდენიმე მაღაზია.

ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში, ოზურგეთის რაიონში მდინარე ბჟუჟი ადიდდა. დაიტბორა ეზოები, საფრთხე შეექმნა წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდანაა შესაძლებელი.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ადგილზე  ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა ხიდისთავი-ქვენობნის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე წიფნაგვარაში, ქვაბღასა და კიდევ რამდენიმე სოფელში წყალმოვარდნები გამოიწვია.

„მერიისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები გასულები იყვნენ სტიქიის ადგილებზე. სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა. რამდენიმე მოსახლეს გავუწმინდეთ სახლის მიმდებარე ტერიტორია. ხვალ კვლავ გაგრძელდება სამუშაოები“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.