16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით ორიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ >>

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მას სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი მათ მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდა. დაკავებული პირებიდან ორი არასრულწლოვანია. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

რატომ მოიკლა თავი არასრულწლოვანმა: პოლიციამ ექვსი პირი დააკავა

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ვარკეთილის მესამე  მასივში 16 წლის ბიჭს  მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა - ის კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.

ხუთი ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს. მათ შორის არიან წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ასევე ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი პირები.

შსს-ს ცნობით, მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე კიდევ ერთი, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი პირიც დააკავეს, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას  „ნაგანის" ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი ბიჭის საქმეზე 6 პირია დაკავებული

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.