„ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლებში“: თბილისი ლავროვთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია

ქართველი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრას.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იყო ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

გახარია: იმედია, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველო–რუსეთს შორის პრობლემების მოგვარებას

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის ინიციატორები, ასევე მედიატორები იყვნენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები, ასევე ჩვენი ევროპელი და სტრატეგიული პარტნიორების რჩევებიც ყოველთვის ამ მიმართულებით იყო, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო", – განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა იმედი გამთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრას.

„ჩვენ უბრალოდ სხვა არც მიზანი გვაქვს და არც გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს", – განაცხადა მინისტრმა.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.