სასამართლომ დაკავებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სასამართლოს სპეცრაზმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა და მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

საქმე არეულობის შესახებ – სასამართლო პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, იმერლიშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს და გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. 

სასამართლოს სპეცრაზმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა და მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

ლევან იმერლიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 15 ივლისს დააკავეს.