ახალი 10 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ოქტომბრიდან გამოვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა დადგენილება, რომელიც ახალ ბანკნოტებს რამდენიმე დღეში გადახდის კანონიერ საშუალებად აქცევს.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტის, 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში 1 ოქტომბრიდან გამოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა დადგენილება, რომელიც ახალ ბანკნოტებს რამდენიმე დღეში გადახდის კანონიერ საშუალებად აქცევს. მის პარალელურად მიმოქცევაში ასევე დარჩება ამჟამად არსებული იგივე ნომინალის ბანკნოტებიც.

განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის ივნისში შედგა, გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი, გაუმჯობესებული რელიეფურობითა და მოცულობით. მასზე ასევე არის დატანილი ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“, პოეტის ავტოგრაფი, აყვავებული რტო და მერცხალი.

ბანკნოტის უკანა მხარეს წარმოდგენილია მხატვარ დავით კაკაბაძის ცნობილი ნახატი „იმერეთი — დედაჩემი“ და საქართველოს სახელმწიფო გერბი.