ახალგაზრდა ძიძას 5 თვის ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ჩვილი ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალს, რომელიც ტყეში იპოვეს ჩვილი ბავშვის დამწვარ სხეულთან ერთად, პატიმრობა ემუქრება, იუწყება რუსული მედია.  

შემთხვევა ტიუმენის ოლქის პატარა ქალაქ ზავოდოუკოვსკში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, ვიქტორია აიმეტდინოვას, ჩვილი ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი. ამ დროისათვის დანაშაულის მოტივი ნათელი არ არის.

როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, აიმეტდინოვა სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა დაღუპული ჩვილის უფროს, გერ ძმასთან და მასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა. ერთ დღეს ვიქტორიამ და მისმა შეყვარებულმა იჩხუბეს და ახალგაზრდა ქალი კაცის მშობლებთან წავიდა. მშობლები დაკრძალვაზე მიდიოდნენ და ხუთი თვის ბოგდანი ვიქტორიას დაუტოვეს. საათნახევრის შემდეგ შინ დაბრუნებულმა მშობლებმა სახლში ვერც ვიქტორია აღმოაჩინეს და ვერც პატარა ბოგდანი.

ახალგაზრდა ქალსა და ჩვილ ბავშვს პოლიცია მთელი დღე−ღამის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ ტყეში იპოვეს. ვიქტორიას თან ჰქონდა პაკეტი, რომელშიც ბოგდანის დამწვარი ცხედარი იდო.

პაკეტის შიგთავსმა პოლიციაც კი შეაძრწუნა. აღმოჩნდა, რომ ქალმა ბავშვი ჯერ გაგუდა, შემდეგ დაწვა და ბოლოს დანით დაანაწევრა. თანაც ეს ყველაფერი ჩვილის გატაცებისთანავე ჩაიდინა. ამის შემდეგ, სანამ პოლიცია იპოვიდა, ვიქტორიას ბოგდანის ცხედარი თან დაჰქონდა პაკეტით. 

„მფატრავი პენსიონერი“: 80 წლის ქალს სამი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად

აღსანიშნავია, რომ ვიქტორია აიმეტდინოვა წარსულში ნასამართლევია — ერთხელ იმის გამო, რომ მთვრალი თავს დაესხა პოლიციელს, მეორედ — ასევე მთვრალმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანი.

პოლიციის ინფორმაციით, ვიქტორიას წარსულმა ოჯახი იმის გამო არ შეაშფოთა, რომ ისინი ახალგაზრდა ქალს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ და მანამდე ბოგდანი არაერთხელ დაუტოვებიათ მისთვის. თუმცა ბავშვს ძიძა არასდროს მოპყრობია ცუდად.

ამ დროისათვის აიმეტდინოვას ფსიქოლოგო−ფსიქიატრიული ექსპერტიზა აქვს დანიშნული. თუ ქალი შეურაცხადი აღმოჩნდება, მას იძულებით სამკურნალოდ გადაიყვანენ დახურულ დაწესებულებაში.