უჩვეულო მასტერ-კლასი თბილისში – დახატე ღვინით!

ღონისძიების სტუმრებს საჩუქრად სასიამოვნო მუსიკა და ბოკალი ღვინო ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვრების გამოფენა Art wine ჩატარდება თბილისში 27 სექტემბერს ღვინის ბუტიკში Wine and Dine, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ შიოშვილის, ირაკლი ბუცინაშვილის, ლევან მაღრაძისა და კახა თოფჩიშვილის 20 ნამუშევარი.

მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში ღვინის არტ-ფესტივალი გაიმართება

„პირველად გადავწყვიტეთ ჩვენი ბუტიკის სივრცე გამოფენისთვის დაგვეთმო. იდეა ირგვლივ ყველას ისე მოეწონა, რომ აუცილებლად განვაგრძობთ თანამშრომლობას ახალგაზრდა მხატვრებთან, რადგან მათ მხარდაჭერა სჭირდებათ", – განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

ღონისძიების სტუმრებისთვის მხატვრები ღვინით ხატვის მასტერ-კლასს ჩაატარებენ. ამისთვის ქართული მუქი ფერის ღვინის სახეობები შეირჩევა. მასტერ-კლასის მონაწილეებს აუხსნიან ხატვის ტექნიკას, რადგან სასმელის თითოეულ სახეობას ქაღალდზე გადატანისას თავისი ელფერი აქვს.

ორიგინალური ფორმა – ქვევრი და ღვინის მუზეუმი თბილისში>>

სტუმრები შეძლებენ სურათების დახატვას როგორც დამოუკიდებლად, ისე პროფესიონალების დახმარებით.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ატმოსფეროში გრადუსის შესანარჩუნებლად თითოეული სტუმარი საჩუქრად ბოკალ ღვინოს მიიღებს.