საბანკო რეგულაციები შესაძლოა გამარტივდეს

თუმცა, ეროვნული ბანკი პრინციპის ცვლილებას არ აპირებს
Sputnik

მასშტაბური საბანკო რეგულაციები, რომლებიც სრული დატვირთვით 1 იანვრიდან ამოქმედდა, შეიძლება შეარბილონ. ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადებები, ალბათ, ამას უნდა ნიშნავდეს, თუმცა, კობა გვენეტაძე იქვე იმასაც ამბობს, რომ რაღაცები, შესაძლოა, მართლაც შეცვალონ, ოღონდ პრინციპი უცვლელი დარჩება.

ზოგადად, რეგულაციების შემოღების გაცხადებული მიზეზი „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლა და ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობა იყო. ხალხს სესხზე ხელმისაწვდომობა უნდა შეზღუდვოდა, რათა მოსახლეობაში „ვალების ზრდა“ შემცირებულიყო. სესხების აღება მართლაც გართულდა, თუმცა ეკონომიკის ხელშეწყობის რა მოგახსენოთ... როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მიზანი და შედეგი ამ შემთხვევაშიც მთლად არ დაემთხვა ერთმანეთს.

ხალხის ხმა ციფრებში... ანუ ვის, რა, როგორ და რატომ?

რეგულაციების შესაძლო შერბილების მოტივად კობა გვენეტაძემ სწორედ „მიზნების მიღწევა“ დაასახელა, რაც სესხების გამკაცრების პოლიტიკის შედეგად გამოიკვეთა. მისი თქმით, „სესხები გაიცემა უფრო კარგი მაჩვენებლებით და უფრო კარგი სტანდარტებით“. ასეთ დამოკიდებულებას საბანკო რეგულაციების მოწინააღმდეგეები არ იზიარებენ. მათი თქმით, სესხებზე შეზღუდვამ თუ რამე გააკეთა, ეს არის არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და რეგულაციების გაუქმების მოტივიც ეს უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციების შემოღებიდან მალევე დაიწყო ლაპარაკი „შესაძლო შერბილებაზე“. სულ რაღაც ორიოდე თვეში შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ეკონომიკას – შემცირდა გაყიდვები, შესაბამისად, კომპანიებს შეუმცირდათ შემოსავალი, რამაც, თავის მხრივ, უმუშევრობის ზრდას შეუწყო ხელი. ასეთმა ჯაჭვურმა რეაქციამ კი საბოლოო ჯამში, ცხადია, ეკონომიკა და ქვეყანა დააზარალა.

სირცხვილია! ანუ ვინ და რატომ ძარცვავს პენსიონერებს

მიუხედავად ასეთი სურათისა, ხელისუფლების წარმომადგენლები პოზიციას ბოლო დრომდე არ ცვლიან და მხოლოდ აქა-იქ თუ წამოსცდა რომელიმეს, რომ რეგულაციებმა სიტუაცია გაართულა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც სესხების შეზღუდვის ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივ პოლიტიკას არ ეთანხმება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას რეგულაციები უარყოფითად შეაფასა:

„საბანკო რეგულაციებით ზიანი მიადგათ მცირე და საშუალო მეწარმეებს. ვგულისხმობ იმას, რომ განვადების პორტფელი ამ რეგულაციებით შემცირდა 42%-ით, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს, ვინც კეთილსინდისიერად დაფარა სესხი, აღარ მიეცათ საშუალება, რომ დამატებით გამოეტანათ ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. მაგრამ ამის გარდა ზიანი მიადგათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით აწყობენ ბიზნესს და ჩვენი მხრიდან რეგულაციების შემოღებით მათ მოულოდნელი ეფექტი დაეცათ და მათ ბიზნესს მიადგა ზიანი“, – განაცხადა დეპუტატმა 5 სექტემბერს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგად, რადგან სესხები შეიზღუდა, ეკონომიკაში ბრუნვა მილიარდითაა შემცირებული.

გზავნილი პოტენციურ მევალეებს: საქართველო სანდო მოვალეა!

თავის მხრივ არ უარუყვია რეგულაციების შესახებ გამოთქმული მოსაზრება ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს.

„საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და აღარ წავალ სიღრმეებში. იყო ნაწილი, რასაც არ ვეთანხმებოდი და ეს, პირველ რიგში, იპოთეკურ სესხებს ეხებოდა. ქალბატონმა ნინომაც აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ ამ სექტორში გაფუჭებული სესხების პროცენტი იმდენად მცირე იყო, რომ ალბათ არ საჭიროებდა განსაკუთრებულ დარეგულირებას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გავიხსენოთ თბილისის მერის განცხადებაც საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით.

„საბანკო რეგულაციები ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, მხედველობაში მაქვს სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ აუცილებლად მოგვიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ივნისში.

კალაძის მიერ დასახელებული პრობლემები „საქსტატის“ მონაცემებითაც დადასტურდა, 2019 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი 4.6%-ით შემცირდა. თავისთავად, ასეთი შემცირება შესაძლოა საგანგაშოდ არ ჩანდეს, თუმცა, თუ წინა წლის მონაცემებს ვნახავთ, მდგომარეობა დამაფიქრებელია. 2018 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ღირებულებამ (დადებულმა ტრანზაქციებმა) რეკორდულ მოცულობას – 4,1 მლრდ ლარს მიაღწია. ეს კი 2017 წელთან შედარებით 31%-ით მეტი იყო. ასე რომ, სავალალო ტენდენცია აშკარაა.

რატომ უნდა გაამარტივონ ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემა

სესხების შეზღუდვამ ტექნიკის მაღაზიებში პირველ სამ თვეში გაყიდვები დაახლოებით 50%-ით შეამცირა, რადგან განვადებები ძალიან ძნელად მტკიცდებოდა. ამის შემდეგ კი  მაღაზიებმა შიდა განვადებების შემოღება დაიწყეს და მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. თუმცა, თვითონ რეგულაციის პრინციპი რჩება გაუგებარი – თუ ადამიანს ბანკიდან სესხის აღებას უზღუდავენ, რათა „ჭარბვალიანობა“ არ გაიზარდოს, რა სხვაობაა, როცა კონკრეტული მაღაზიის ვალი ექნება ადამიანს და შიდა განვადებით იყიდის ნივთს?

სესხის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდა სესხის გამცემი ორგანიზაციების რაოდენობა. 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ხოლო 18 სექტემბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 52-ს შეადგენდა.

ყოფილი ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუს ჯი“, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა:

„შევამცირეთ თანამშრომლები და დავხურეთ ფილიალები, დაპაუზებულები ვართ“, – განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 Finance-ის (vivus.ge) დირექტორმა ლაშა ერედელმა BM.GE-სთან საუბრისას. მისი თქმით, ეს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების „დამსახურებაა“, რომელმაც ბაზარი საკმაოდ მძიმე მარწუხებში მოაქცია. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის 2019 წლის პირველი ნახევარი ზარალიანი იყო.

ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – სესხზე ხელმისაწვდომობა იზღუდება

ამ სიტუაციაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება, გარდა იმისა, რომ ბაზარზე სესხის გამცემი სუბიექტების კონკურენციას და მომხმარებლისთვის არჩევანს ამცირებს, ნიშნავს ასევე, რომ იზრდება უმუშევართა რაოდენობაც მათ ხარჯზე, ვინც ამ ორგანიზაციებში იყო დასაქმებული.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საბანკო რეგულაციებს უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილებები, რომელსაც რეგულატორი იღებს, მოგვიანებით იჩენს თავს.

რეგულაციების შერბილების მომხრეა საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაიაც. 

„ფაქტია, რომ საბანკო რეგულაციებმა შეამცირა ეკონომიკა. პირდაპირ ვილაპარაკოთ - საბანკო რეგულაციები აუცილებლად უნდა შერბილდეს“, – აცხადებს პერტაია. მისი თქმით, გასაგებია რატომაც შემოიღეს რეგულაციები, თუმცა ახლა უნდა შერბილდეს, რადგან „სხვანაირად გაგვიჭირდება ეკონომიკის ზრდა“.

ასეა თუ ისე, საბოლოოდ ისევ სებ-მა გადაასხა ცივი წყალი რეგულაციების შესაძლო შერბილების იმედს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ გადახედვა კი მიმდინარეობს, მაგრამ შერბილება ან პრინციპის შეცვლა გამორიცხულია.

„რაც შეეხება რეგულაციებს, ეს ცოცხალი დოკუმენტია და მუდმივად ხდება შეფასება, თუ რამდენად კარგად მუშაობს და ხომ არ სჭირდება გადახედვა. რაც შეეხება გადახედვის პრინციპებს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები შეიცვლება. ჩვენ საუბარი გვაქვს გამარტივებაზე და არა შერბილებაზე“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, კომუნიკაცია აქვთ კერძო სექტორთან და მუშაობენ, რომ რეგულაციები უფრო მოქნილი გახდეს. შედეგად კი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამ რეგულირების პირობებში მეტი ლავირების საშუალება მიეცემათ.

საპროცენტო განაკვეთები... ანუ რა ღირს ფული საქართველოში?

და, მაინც, ყველაზე საინტერესო ალბათ ისევ სებ-ის პრეზიდენტის შეფასებაა საბანკო რეგულაციების შესახებ:

„ტაქსიში ვზივარ. მძღოლი, ვანო მეუბნება - „ბატონო კობა, ღმერთი გაგახარებთ, ჭარბვალიანობაზე რომ ზრუნავთ. ისე ადვილად იძლეოდა სესხებს ყველა, მერე ხალხი ვერ იხდიდა და ერთი ადგილიდან მეორეში მიდიოდა და იქიდან იღებდა ფულს. კი გლანძღავენ ამის გამო, მაგრამ ეს და მეტი ხალხი კიდევ უფრო დიდ გაჭირვებას ააცილეთ“, – დაწერა ფეისბუქზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 29 აპრილს.

თემურ იოსელიანი