თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ერთ თვეზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ეთერში გავიდა და მისი წამყვანი ნათია ლაზაშვილი ეთერში ზუსტად იმ პიჯაკით დაბრუნდა, რომელიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, როდესაც „კურიერი“ დატოვა.
საინფორმაციო გამოშვება ჟურნალისტმა მისასალმებელი სიტყვით დაიწყო და აღნიშნა, რომ 24 წლის წინ ის იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში გაიყვანა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება.
„ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული. დავბრუნდი, რათა ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავისი საყვარელი საქმე. აკეთონ ახალი ამბები საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს სხვისი ღირსების დაცვით. იმედი მაქვს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც „კურიერმა“ მუშაობა შეწყვიტა“, – განაცხადა ნათია ლაზაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.