ჩხუბი პარლამენტში: ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში გაარტყა – ვიდეო

დაპირისპირება გედევან ფოფხაძის კითხვას მოჰყვა, როცა მან ზარდიაშვილის მორალზე წარმოთქვა რეპლიკა.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბესელიამ ზარდიაშვილს სახეში ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენის დროს მოხდა. ბესელია იმან გააბრაზა, რომ ზარდიაშვილმა საუბრისას იგი დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ნეგატიურად მოიხსენია.

დაპირისპირება გედევან ფოფხაძის კითხვას მოჰყვა, როცა მან ზარდიაშვილის მორალზე წარმოთქვა რეპლიკა. ზარდიაშვილმა კი გედევან ფოფხაძეს მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“.

სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება. 

დავით მათიკაშვილმა, რომელსაც სხდომა მიჰყავდა, ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა, რაზეც ბესელიამ სკანდალი მოაწყო. ბესელია ზარდიაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებდა.

აღნიშნული ინციდენტის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. კადრები საქართველოს თითქმის ყველა ტელეკომპანიის ეთერში მოხვდა.