„ავიამშენის“ თანამშრომლები შიშობენ, რომ უხელფასოდ დარჩებიან

„თბილავიამშენი“ თანხას ჩადის რესპუბლიკიდან ელოდება ხუთი ვერტმფრენისა და ოთხი თვითმფრინავის კაპიტალური რემონტისთვის, რაც თითქმის დასრულებულია.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საავიაციო ქარხნის „თბილავიამშენის“ თანამშრომლები, რომლებმაც გასულ კვირაში ხელფასების დაგვიანება გააპროტესტეს, შიშობენ, რომ ფინანსური პრობლემა გამეორდება, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ქარხნის ერთ-ერთმა მუშაკმა თამარ ბუზარიაშვილმა. 

„მოვითხოვთ ფულს“ – თბილისის საავიაციო ქარხანაში გაფიცვაა – ვიდეო

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები წლის დასაწყისიდან ორჯერ გაიფიცნენ — პირველად მარტში, ხელფასების 23%-ით გაზრდის, მეორედ კი სექტემბერში — წინა თვის ხელფასებისა და პრემიების დარიცხვის მოთხოვნით. ისინი ქარხნის დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გადადგომასაც მოითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხები მიიღეს, გაფიცვა შეწყვიტეს.

„გოგიბერიძემ რამდენიმე დღის წინ გვითხრა, რომ ქარხანამ ბანკში 100 ათასი ევროს ოდენობის კრედიტი აიღო, რათა თანამშრომლებს წინა თვის ხელფასები და პრემიები დაურიგდეთ. მაგრამ რა იქნება სექტემბრის ხელფასთან დაკავშირებით, უცნობია. გვითხრა, თუ პროექტიდან ფული შემოვა, ხელფასი იქნება, თუ არადა, რაც გინდათ, ის ქენითო“, — განუცხადა სააგენტოს ბუზარიაშვილმა.

„თბილავიამშენი“ თანხას ჩადის რესპუბლიკიდან ელოდება ხუთი ვერტმფრენისა და ოთხი თვითმფრინავის კაპიტალური რემონტისთვის, რაც თითქმის დასრულებულია. კონტრაქტის თანახმად, საჰაერო ხომალდები მთლიანად დაიშალა და თითოეული დეტალი შემოწმდა. დაზიანებული დეტალებიდან ნაწილი შეკეთდა, ნაწილი კი ახლით შეიცვალა.