თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და პასუხობს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74–ე სესიაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა ინგლისურად წარმოთქვა.
„საქართველო პატარა ქვეყანაა ევროპის კიდეზე, რომელმაც გასული 28 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით შოკი და ცვლილება განიცადა, აღადგინა დამოუკიდებლობა, გახსნა საზღვრები, გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე, გაუძლო ღია და გაჭიანურებულ კონფლიქტებს, ომსა და ოკუპაციას. ყველაფრის მიუხედავად, პატარა საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკურად, სოციალურად ვითარდება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
„ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვიცით, რომ რეგიონის განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ, სადაც მშვიდობის გარეშე გლობალური სირთულეების გადალახვა შეუძლებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა მსოფლიოსადმი დამოკიდებულების შეცვლის მნიშვნელობას.
„რადიკალურად უნდა შევცვალოთ როგორც ჩვენი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ასევე ქცევის მოდელი. გლობალური გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მათ აღვიქვამთ და ვეკიდებით, როგორც ერთიან მოვლენას, კომპლექსურ მრავალწახნაგოვან საფრთხეს. ეს სულაც არ გახლავთ იოლი. დღევანდელი სამყარო მეტისმეტად რთულია და ასევე რთულია ამ სამყაროს გამოწვევებზე რეაგირება. აუცილებელია უფრო სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება და მთლიანი სურათის გააზრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს გაეროს მიერ გაწერილი 2030 წლის მიზნების მისაღწევად.
„არსებობს კიდევ მრავალი გამოწვევა. ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ოფციები, ახალი ექსპერიმენტები და ალტერნატივები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.