ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

ბალეტის გამოჩენილ ქართველ მსახიობს ვერა წიგნაძეს 24 სექტემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა.
Sputnik

რით დაამახსოვრა მან თავი მსოფლიო ბალეტს, რისთვის უყვარდათ და ამ დრომდე რატომ ახსოვთ ის, ამის შესახებ „Sputnik–საქართველო" მოგითხრობთ.

ვერა წიგნაძე ბაქოში დაიბადა. დედა ბაქოში რუსეთიდან ჩავიდა და საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მამა კი ძირძველი ქუთაისელი იყო, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქს სამსახურებრივი საქმეებიდან გამომდინარე ეწვია. ის ავად გახდა და იმ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ვერას დედა მუშაობდა. აი, აქედან დაიწყო მათი რომანი.

ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლების დამთავრების შემდეგ ვერა ახუნდოვას სახელობის ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხვდა. მან კორდებალეტიდან დაიწყო, 16 წლისას კი ბალეტ „რაიმონდაში" მთავარი პარტია ანდეს.

ჰაეროვანი ნახტომი

ისტორიულ სამშობლოში ერთ-ერთი სტუმრობისას ვერამ თბილისში თავისი კერპი — ქართული ბალეტის მეტრი ვახტანგ ჭაბუკიანი ნახა. ის დონ კიხოტს ცეკვავდა მარია სემიონოვასთან ერთად. ჭაბუკიანმა, თავის მხრივ, შენიშნა ვერა და ის თბილისში მიიწვია. და ის მალე მისი პარტნიორი გახდა.

ამის შემდეგ ვერას შემოქმედებით კარიერაში დაიწყო გასტროლები მთელ საბჭოთა კავშირში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, ჩილეში. მას ყველგან თავბრუდამხვევი წარმატება ჰქონდა.

ვერა წიგნაძის განმასხვავებელი თვისებები — ფორმის მკაცრი აკადემიურობა, ოსტატობა და ექსპრესიულობა — მის ცეკვაში ქალურ შარმთან და პოეტურობასთან კარგად იყო შერწყმული.

ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

კარიერის დასრულების შემდეგ წიგნაძემ პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კლასიკური ცეკვის პედაგოგად დაიწყო მუშაობა.

2005 წლის დეკემბერში „საქართველოს ფოსტამ“ გამოუშვა ორი მარკა „ქართული ბალეტი". პირველზე ვერა წიგნაძე იყო გამოსახული, მეორეზე – ვახტანგ ჭაბუკიანი.

ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

ვერა წიგნაძე ორჯერ იყო დაჯილდოებული სტალინის პრემიით: 1948 წელს ბალეტ „სინათლეში" შესრულებული კეთილი ფერიის პარტიისათვის და 1951 წელს თორაძის „გორდაში" შესრულებული პარტიისთვის.