პროტესტი მიწისქვეშეთში – ტყიბულელი მეშახტეები ხელფასს ითხოვენ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხელისუფლებას მოუწოდებს, დაეხმარონ მეშახტეებს, რომლებიც საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულის შახტებში დაახლოებით 30 მეშახტე ჩავიდა და იქიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს, სანამ მათ არ გადაუხდიან ხელფასებს და არ მიაწვდიან ინფორმაციას სამუშაოს განახლების პერსპექტივის შესახებ, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

გერმანელი და ქართველი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებას შეისწავლიან>>

მეშახტეების ნაწილი მინდელის სახელობის შახტშია, ხოლო ნაწილი – ძიძიგურის სახელობის. ბოლოს მეშახტეებმა პროტესტი ნახევარი წლის წინ გამოხატეს.

„მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და, უფრო მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა", – ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მეშახტეები ვერ ფარავენ კრედიტებს ბანკებში, რასაც ემატება პროცენტები, ასევე გადასახდელი აქვთ კომუნალური გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს „საქართველოს ბანკს", „ენერგო პრო ჯორჯიას" და „სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელ მეშახტეთა ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა.

პროფკავშირები ასევე მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეაგროვოს საჭირო თანხა მეშახტეებისთვის ხელფასის გასაცემად, ასევე მიაწოდოს მათ ინფორმაცია სახელმწიფოსა და კომპანიის გეგმების თაობაზე ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების განახლების შესახებ.

ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. 2018 წლის 5 აპრილს აქ დაიღუპა ექვსი მუშა, 2 ივნისს – ორი, ხოლო 16 ივლისს – ოთხი. მათი დაღუპვის მიზეზი სხვადასხვა იყო.

ტრაგედია ტყიბულის შახტში - ბოლო ცნობები>>

შახტებში რისკების შეფასების მიზნით მოიწვიეს გერმანული ექსპერტული კომპანია, რომელმაც ჩაატარა კვლევა. 2018 წლის დეკემბერში სპეციალისტებმა მოამზადეს დასკვნა, რომელიც მეშახტეებს არ გააცნეს, ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.