ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ

პოლიციამ უკვე დაკითხა მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის მეზობლები და მეგობრები.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მოზარდი, რომელიც ვარკეთილის დასახლების ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, მანამდე მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშობდა, იუწყება პირველი არხი.

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა >>

როგორც 16 წლის ბიჭის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, ეზოში მოზარდებს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, ისინი უბრალოდ თამაშობდნენ. ამის შემდეგ ორი მათგანი სახლის სახურავზე ავიდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მეშვიდე სართულიდან გადმოვარდილი 14 წლის გოგონა გარდაიცვალა

ამ სახლში ბიჭის მეგობრები ცხოვრობდნენ, თვითონ კი მეზობლად ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაკითხა შესაძლო მოწმეები და ისინი, ვისაც შეეძლო რაიმე ინფორმაცია სცოდნოდა მომხდარის შესახებ, მათ შორის ბიჭის მეგობრები და მეზობლები.

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ამასთან, მოზარდის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.