ბათუმის ყოფილი მერი და კიდევ რამდენიმე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქმე ეხება ტენდერს, რომელიც 2015 წელს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით ჩატარდა
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვა, იუწყება პირველი არხი.

ბათუმის ყოფილ მერს და სხვა მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ასევე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე და მერიის თანამშრომელი გოგა ლომაძე.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ოთხ პირს, მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე,  ბათუმი მერიის თანამშრომლები ბექა ხალვაში და ნუკრი ხინთიბიძე, ასევე ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე 100-100-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობით დაინტერესდა >>

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის შვიდი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიება მათ 1 370 076 ლარის გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება ტენდერს, რომელიც 2015 წელს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით ჩატარდა.