ყაზახეთში კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად ქართველი აღიარეს

ფილმში მოქმედება ჭიათურაში ვითარდება.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მსახიობმა სალომე დემურიამ ალმათის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიტო ცინცაძის სრულმეტრაჟიან ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" შესრულებული როლისთვის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ფესტივალზე „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ პრიზი გაინაწილეს ლიეტუველმა მსახიობმა ვალენტინ ნოვოპოლსკიმ და პოლონელმა დავიდ ოგროდნიკმა.

ორი პრიზი ხორვატიაში: ფილმი "სხვისი სახლი" მსოფლიოს დაპყრობას აგრძელებს

ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" სალომე დემურიამ 37 წლის ექიმი ირინეს როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, ირინე ციხიდან გამოდის და ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. სურათის გადაღება იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობდა.

სალომე დემურიამ ანალოგიური ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც გაიმართა კიდეც ფილმის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" მსოფლიო პრემიერა. მაშინ გრან-პრი გერმანიაში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა დიტო ცინცაძემ მიიღო.

ქართველი რეჟისორის ფილმმა კარლოვი ვარში გრან-პრი აიღო>>

ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის სცენარისტია ცნობილი ქართველი მწერალი ნესტან კვინიკაძე. სურათი წარმოადგენს საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციას.

რიგით მეორე საერთაშორისო კინოფესტივალი ყაზახეთის დედაქალაქში 14-20 სექტემბერს ჩატარდა.