„გული ახლაც ისე მიცემს...“ – ვინ არის ქალი, რომლის კართანაც ახალშობილი დატოვეს

თბილისში მიტოვებული ჩვილი 18 სექტემბერს იპოვეს. ახალშობილი ბიჭი კალათში იყო მოთავსებული. საბავშვო საფენებთან ერთად კალათში დედის წერილიც იდო.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ახალშობილი ბიჭი ბარბარე ამირბარის სახლთან დატოვეს. ინფორმაციას თავად ქალი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

ქალი წერს, რომ თავად ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ამიტომ მომხდარმა შეძრა. ის მიტოვებული ბავშვის დედას მიმართავს, შეეხმიანოს, რადგან ყველანაირად გვერდში დაუდგება.

თბილისში მიტოვებული ჩვილი 18 სექტემბერს იპოვეს. ახალშობილი ბიჭი კალათში იყო მოთავსებული. საბავშვო საფენებთან ერთად კალათში დედის წერილიც იდო. ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას ითვალისწინებს. ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.