საქმე არეულობის შესახებ – სასამართლო პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობს

სასამართლოს წინ აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის ღამეს თბილისში არეულობების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 19-დან ექვსი ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობების საქმეზე, ამავე დროს სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

განიხილავენ ბესიკ თამლიანის, ცოტნე ცოტნიაშვილის, ლევან ჯიქურის, ზურაბ ბუდაღაშვილის, კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი სასამართლოდან.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში აღარ დევნიდნენ პოლიტიკური ნიშნით და რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ ხვდებოდნენ", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტმა ლინა დოლიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ საქართველოს პარლამენტში და, უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენა გააპროტესტეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგია.

გიორგი გახარია: მზად ვარ პრემიერის რანგშიც მივცე ჩვენება გამოძიებას

20 ივნისს, გვიან ღამით საპროტესტო აქცია არეულობებსა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„ჩვენ, როგორც პირობა დავდეთ, აქტიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც მოხდება გარღვევა და გამოძიების დასრულებამდე ამ ადამიანებს გირაოთი გამოუშვებენ, რადგან მათი პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არსებობს", – განაცხადა მეორე აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდული მოძრაობა რჩება კონსტრუქციულ ძალად, რომელიც სასამართლოში დებოშის მოწყობას არ აპირებს.

საქმე არეულობის შესახებ – სასამართლო პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობს

„ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლო ინსტიტუტს. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების დიდი ჩარევით მივაღწევთ შედეგს და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან", – აღნიშნა მაქარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულდა – აქტივისტებმა გრანდიოზული გეგმები დასახეს>>

ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ზოგიერთი ბრალდებული მზადაა გამოძიებასთან საპროცესო გარიგება დადოს, რაც ბრალის აღიარების გარეშე შეუძლებელია.

აქცია მთავრობის კანცელარიასთან – ოქრუაშვილის მომხრეები მის გათავისუფლებას მოითხოვენ

ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალს, რადგან ეს საქციელი არ ჩაუდენიათ და ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

იაშვილი იცავს თამლიანის, ცოტნიაშვილის, ჯიქურისა და ბუდაღაშვილის ინტერესებს.

განსასჯელების მხარდასაჭერად სასამართლოსთან მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, თუმცა მისი ძმიშვილის, ამავე საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმე ჯერ არ განიხილება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. „ისინი ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან" და მათგან აღიარებით ჩვენებებს მოითხოვენ, აღნიშნა მან.

როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას მოითხოვს>>

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთია პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება, ხოლო მეორე მიმართულებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი".

„ჯგუფური ძალადობის“ საქმის ფარგლებში არეულობებში მონაწილეობასა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში 17 მომიტინგე ამხილეს. ყველაზე მძიმე ბრალდებები წაყენებული აქვთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს და პარლამენტის დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას.