რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ეთნოფესტივალი იმართება

დღის ბოლოს რუსთავში საპატიო რუსთაველსაც აირჩევენ
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. რუსთავქალაქობის ფარგლებში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ეთნოფესტივალი იმართება, იუწყება საინფორმაციო პორტალი Info Rustavi.

სპორტულ აქტივობებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდა რუსთაველი სპორტსმენები, ერთმანეთს ქუჩის კალათბურთში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობა - ბოჩაში, ჭადრაკსა და სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.

რუსთავქალაქობის ფარგლებში, ასევე ჩატარდა ნარდის ჩემპიონატი რუსთაველ ხანდაზმულებს შორის, რომელშიც მონაწილეობას 15-მდე ხანდაზმული იღებდა. ჩემპიონატი საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაციის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გაიმართა.

სხვადასხვა შეჯიბრებაში გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილია ქართული-ხალხური რეწვის ნიმუშები და ეროვნული სამოსი.

ღონისძიება დატვირთულია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ღონისძიებებით. დღის ბოლოს რუსთავში საპატიო რუსთაველსაც აირჩევენ.