თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის „დღე მანქანის გარეშე“ მხარდასაჭერად გაიმართა, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობა ველოგარბენში მუდმივად მონაწილეობს.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში დედაქალაქში ახალი ოთხკილომეტრიანი ველობილიკი მოეწყობა.
„ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი უნდა იყოს. უახლოეს მომავალში ქალაქს ახალი ოთხ კილომეტრიანი ველობილიკი შეემატება. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირისა და ხიზანიშვილი-ვეკუას მონაკვეთი, რომელიც მომდევნო წლებში მთელ თბილისს დააკავშირებს ერთმანეთთან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ელჩებმა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის მერს იმ ინიციატივებისთვის, რაც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კეთდება და განაცხადეს, რომ აღნიშნული პოლიტიკა თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად აქცევს.
თბილისის მერიას დაწყებული აქვს მასშტაბური პროექტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და ამგვარად, კერძო ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირების სტიმულირებას გულისხმობს. ამავე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ველობილიკების ფართო ქსელის შექმნა. გასულ წელს, კოსტავასა და შარტავას ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალი ველობილიკი მოეწყო.