თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე (-61 კგ) მსოფლიო ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში იმართება.
ფინალში ლომთაძე შეხვდა რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს და ანგარიშით 6:1 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ლომთაძე თავის კარიერაში მეორედ ადის მსოფლიო პირველობების საპატიო კვარცხლბეკზე. 2016 წელს, ამავე წონით კატეგორიაში, ქართველი მოჭიდავე ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ლომთაძემ ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა.
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის, ლომთაძის ოქრო ტურნირში მეორე გახდა. ადრე, გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მესამედ ავიდა. ასევე ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე არის ერთი ბრინჯაოს მედალი, რომელიც ირაკლი მცხითურმა (-92 კგ) მოიგო.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ელიზბარ ოდიკაძე 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ამერიკელ კაილ სნაიდერს ეჭიდავება.