წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები: თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ქარიშხალმა თბილისის გარდა, რუსთავის მოსახლეობასაც შეუქმნა
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეტყობინებები, ძირითადად, უკავშირდებოდა ხეების წაქცევას, ტოტების მოტეხვას, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლას და სახურავების დაზიანებას. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები, აღნიშნავენ უწყებაში.

დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, თბილისში დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია. რუსთავში ინციდენტების შედეგად დაშავებული არავინაა.

ქარიშხალი თბილისში: დოლიძის ქუჩაზე 2 ადამიანს ხე დაეცა >>

ამ დროისთვის შეინიშნება ქარის სიმძლავრის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია. დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღწევდა.