ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა

ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დაბრუნება წლის დასკვნით ტურნირზე შეუძლია
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ აკი ბაშოს მერვე ტურნირზე მერვედ წააგო და ოძეკის ტიტული დაკარგა.

მე-14 საშეჯიბრო დღეს ჩვენმა სპორტსმენმა დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა მიოგირიუსთან წააგო. ტოჩინოშინის მეტოქემ შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და ქართველ სპორტსმენს შეცდომის დაშვება აიძულა - გორგაძე ჭილოფს გასცდა, რაც დამარცხებას ნიშნავს.

ამ ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი 6-8 გახდა და ტურნირის დასკვნითი შერკინების მოგების შემთხვევაშიაც კი ეს მაჩვენებელი მაინც უარყოფითი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ტოჩინოშინმა ერთხელ უკვე დაკარგა ოძეკის ტიტული. ეს ჰარუ ბაშოს მარტის ტურნირზე მოხდა. თუმცა, მაისის ნაცუ ბაშოზე გორგაძემ 15 ბრძოლაში 10 მოგება მოიპოვა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

ტოჩინოშინს მეორედაც შეუძლია ოძეკის ტიტულის დაბრუნება, თუ წლის დასკვნით ტურნირზე - კიუსიუ ბაშოზე დადებით ბალანსს მიაღწევს. ტურნირი ტოკიოში ნოემბერში გაიმართება.