გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს შეცდომა უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველაფერს, რაც შეწყალების აქტის კანონიერებას ეხება, სამართლებრივი პასუხი გაეცემა
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა.

პრეზიდენტმა აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. სამი მათგანი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ერთი კი იძებნებოდა. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიძიოს პატიმრების შეწყალების რამდენიმე აქტის კანონიერება, რასაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმა.

 „გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ნება ასეთია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ პირველი არხის ეთერში.

თბილისის ცენტრი კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

მისი თქმით, ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„კორუფციის შესაძლო ნიშნებზე ოპოზიცია არ საუბრობს, ამაზე მთავარი პროკურატურა საუბრობს. ამ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. პროკურატურის დისკრეციაა, ისაუბროს იყო თუ არა კორუფცია და არა პოლიტიკოსების, რომლებიც თავის პოლიტიკურ ინტერესებს დასდევენ... ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე. ამ დანაშაულისთვის მინიმალური სასჯელი ჯარიმაა, ხოლო მაქსიმალური – სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ უკვე გამოიძახა დეპუტატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ირმა ნადირაშვილი, რომელმაც თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სკანდალურ შეწყალებასთან კავშირი აქვს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას.

თავად პრეზიდენტმა გაბუნიას ჩარევა პატიმრების შეწყალების პროცესში უარყო და განაცხადა, რომ მისგან რჩევები არ მიუღია, რომ ეს გაბუნიას კომპეტენცია არაა და ის არ შეიძლება ამ საქმეში იყოს ჩარეული, მით უფრო, როდესაც საუბარია ყოფილ ადვოკატზე.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამიტომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმიანება

შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა. მიუხედავად ნებისმიერი რეკომენდაციისა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

სკანდალის ძირითადი მიზეზი გახდა სამი ადამიანის შეწყალება: რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, 2004 წელს 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, რომელიც 1994 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს. ამასთან, ბეჟანიძე მართლმსაჯულებას 12, ხოლო ნადირაძე – 23 წელი ემალებოდნენ.