თბილისის ცენტრი კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

მღელვარების მესამე თვე და ორი საპროტესტო აქცია თბილისში – პრეზიდენტის რეზიდენციისა და პარლამენტის წინ
Sputnik

 

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისი პარასკევს, საღამოს საპროტესტო აქციებმა მოიცვა – ერთნი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოდიან მის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მეორენი კი – ქვეყნის მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – პრემიერ–მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნის გამო, იუწყება „Sputnik–საქართველო“ შემთხვევის ადგილიდან.

ერთი აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  34 მსჯავრდებული შეიწყალა. სამი მათგანი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ერთი კი იძებნებოდა. ათონელის ქუჩაზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ. 

თბილისის ცენტრი კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

 „ჩვენ საქმე გვაქვს კორუფციასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იმასთან, რომ იგი ასრულებს მხოლოდ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას. ხელისუფლებამ რომ გამოძიება დაიწყო, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მეტად მძიმე მდგომარეობაში არიან ქალის გამო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს უწოდებენ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მეორე აქციას საქართველოს პარლამენტთან  ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილია“ მართავს. მათი თქმით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ იმის ნაცვლად, რომ გახარია შს მინისტრის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, გადაწყვიტა მისი პრემიერად დაწინაურება. ახალგაზრდობა და მისი მხარდამჭერი ოპოზიციონერები გახარიას იმაში ადანაშაულებენ, რომ პოლიციამ 20–21 ივნისის აქცია სასტიკად დაშალა. 

გახარია: ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ადამიანების წინაშე, ვინც აქციის დროს დაზარალდა

მოძრაობა „სირცხვილია“ რამდენიმე კვირის განმავლობაში აანონსებდა დღევანდელ აქციას, ვინაიდან საპროტესტო ტალღის დაწყებიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. მათ შეუერთდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები. 

 „დღეს ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ივანიშვილის ხელისუფლების გაგრძელება 2020 წლის არჩევნების შემდეგ... ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს გაკვეთილი, რომ ახალგაზრდობასთან დაპირისპირება მხოლოდ მარცხით დასრულდება“, – განაცხადა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მათ უკვე გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.

ტრიბუნიდან მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები გამოდიან, პოლიტიკოსები კომენტარებს მედიასთან აკეთებენ.