თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. სერიალი „მაკმაფია“, სადაც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „საუკეთესო სერიალის“ ნომინაციაში „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი.
სერიალი ამ ნომინაციაში გერმანულ და ბრაზილიურ სერიალებთან ერთად მოხვდა. „მაკმაფია“ გასულ წელს გამოვიდა. ის ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა. „ემის“ დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართება.
მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.
1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.