რთველი 2019: პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალება მისცა

წელს საქართველოში ყურძნის დიდ მოსავალს ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ყურძნის მოსავლის შესყიდვა დროულად უნდა დამთავრდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

რთველი რეკორდს ხსნის: უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში

კახეთში ყოველდღიურად თითქმის ცხრა ათასი ტონა ყურძენი მუშავდება, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო ინფორმაციით, რთვლის დაწყებიდან ფერმერებმა 41 ათასი ტონა „რქაწითელი“, 16 ათასი ტონა „საფერავი“, 2,8 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვა ჯიშის ყურძენი ჩააბარეს.

მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ განსახილველი ერთ-ერთი საკითხი სწორედ რთველი გახდა. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა.

„კახეთში მიმდინარე რთვლის საკითხს განვიხილავთ სხდომაზე და ამაზე მოგვახსენებს ლევან დავითაშვილი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რაც დღეს კახეთში არსებობს. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული. ეს ბატონმა ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის", – განაცხადა გახარიამ.

რთვლის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია იმისთვის, რომ ასეთი დიდი რაოდენობის გადამუშავების პირობებში ღვინის საწარმოებში რიგები არ შეიქმნას.

რთველი 2019: ყურძენი დაახლოებით ექვსი ათასმა მევენახემ ჩააბარა

შტაბში უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, რომლებიც რთვლის პროცესს სხვადასხვა დროს უერთდებიან.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციისთვის საკოორდინაციო შტაბი „რთველი-2019“ სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ დარეკვით – 1501.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს კარგ მოსავალს ელოდება.

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.