ლომჯარია პრეზიდენტზე: გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა მოხდა რეალურად

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ საუბრობს.
Sputnik

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამ შემთხვევაში შეწყალებულია მსჯავრდებული ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა, და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები, თუ რატომ მოხდა შეწყალება, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესი გაიარა ამ ყველაფერმა, სანამ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ამ საკითხებზე უფრო მეტი განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენ ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაციით მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არსებული გარემოებები არის შესასწავლი, ასევე ვთვლი, რომ ლოგიკური იქნება, თუ დაიწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ პირებს შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, შეწყალებულ პირებს შორის ერთი ძებნილიც იყო.