აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტისთვის – აქციის მონაწილეებმა „შეწყალების ფასები" წარმოადგინეს

„სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორუფციაში დაადანაშაულა.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციას საფუძვლად დაედო ის, რომ პრეზიდენტმა მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი შეიწყალა.

ნიღბები „ძალიან საშიში კინოდან": პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა>>

კრიტიკის პირველი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ აგვისტოში შეწყალებულ პირთა შორის იყო 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძე. მოგვიანებით მასმედიამ გაარკვია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძეც.

„ახლა ვატარებთ აქცია-პერფომანსს და გვინდა ვაჩვენოთ, რა ხდება ამ შენობის დახურულ კარს მიღმა. იქ კორუფციული მანქანა ჩაუშვეს და პატიმრებზე ფულს აკეთებენ. განაახლეს ადამიანების ბედით ვაჭრობა", – განაცხადა ელისაშვილმა.

აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტისთვის – აქციის მონაწილეებმა „შეწყალების ფასები" წარმოადგინეს

აქციის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, აქცია-პერფომანსი აჩვენებს, თითქოსდა როგორ ხდება შეწყალებაზე განაცხადების მიღება. თვალსაჩინოებისთვის მათ მიიტანეს დაფა, რომელზეც სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებისთვის თანხები დაწერეს.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური გამოძიება იმისა, თუ როგორ მოხვდა პრეზიდენტის მაგიდაზე შეწყალების პრეტენდენტთა სია და რატომ მოაწერა ზურაბიშვილმა მას ხელი.

ეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან უკვე მესამე საპროტესტო აქცია იყო 24 საათის განმავლობაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ატეხილი სკანდალის გამო გადაწყვიტა დროებით აღარ გამოიყენოს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება. მან აღიარა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს. მისი განცხადებით, ახალ წესებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები განიხილავენ.

პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული ერთპიროვნული უფლებაა.