თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ნარკოზის შემდეგ ანაფილაქტიკური შოკი გახდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ანაფილაქტიკური შოკი – სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა. შემთხვევების 20% მთავრდება ლეტალური შედეგით. ანაფილაქტიკური შოკი ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას წარმოიქმნება.
რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა>>
გოგონასთვის ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. გოგონას ნათესავების თქმით, მას ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, რადგან ნორმალურად ვერ სუნთქავდა.
რუსთავის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განაცხადა, რომ მედიკოსები გოგონას გადარჩენას ათი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
„ადგილობრივი ანესთეზიის საშუალების შეყვანისას, ოპერაციის დაწყებამდე განუვითარდა ძალიან მძიმე ანაფილაქსიური შოკი, რომლიდანაც გამოყვანა ვერ მოხერხდა და 10 საათის მუშაობის შემდეგ საბოლოოდ გული გაჩერდა და დაიღუპა. ანალიზებიც, სინჯიც გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის გარანტია ამ დაავადებისგან თავის ასაცილებლად. ასეთი რამ უიშვიათესად ხდება, თუმცა მაინც ვითარდება ეს ვერაგი გართულება", – განაცხადა გოგოძემ.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, საავადმყოფოში მისვლის დროს პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გართულებები არ ჰქონია. ისინი ამტკიცებენ, რომ ოპერაციის წინ გოგონას ალერგიაზე სინჯი ჩაუტარეს, გოგონას ხელი გაუწითლდა, მაგრამ ის ოპერაციაზე მაინც შეიყვანეს და ნარკოზი გაუკეთეს. ამის შემდეგ პაციენტს გული გაუჩერდა.
გოგონას საქმროს განცხადებით, გოგონა საავადმყოფოში კარგ ხასიათზე მივიდა, მედპერსონალს ეხუმრებოდა კიდეც და იკითხა, გადარჩებოდა თუ არა ოპერაციის შემდეგ. ექიმებმა გაიცინეს და უთხრეს, რომ არ ენერვიულა, რადგან ძალზე იოლი ოპერაცია იყო. ახალგაზრდის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ კლინიკაში არეულობა დაიწყო, ვიღაცამ თქვა, რომ პაციენტს გული გაუჩერდა, მაგრამ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მისი საცოლე იყო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.