თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის პოპულარულმა ბრიტანელმა დიზაინერმა, დევიდ კომამ (დავით კომახიძე), საკუთარი ბრენდის მეათე წლისთავი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენებით ლონდონის მოდის კვირეულზე იზეიმა.
„მისია უკვე შევასრულე...“ – დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს >>
კენიაში მოგზაურობა დიზაინერისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, რის გამოც დიზაინერის კოსტიუმები აფრიკული მოტივებით არის გაჯერებული.
გამჭვირვალე ქსოვილი, ბრჭყვიალები, ღრმა დეკოლტე, მომდგარი სილუეტები - დევიდ კომა თავისი ტრადიციების ერთგულია. ცხოველური პრინტი ტყავის დეტალებთან და მსუბუქ ფაქტურასთან ერთად, უსათუოდ, სეზონის ფავორიტად იქცევა.
ჯენიფერ ლოპესი, გვინეთ პელტროუ, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია, ადრიანა ლიმა, სელენა გომეზი, გვენ სტეფანი, კარა დელევინი, კენალ ჯენერი, სინდი კროუფორფი, ჯენიფერ ლოურენსი, ბეიონსე — აი სელებრითების არასრული სია, რომლებიც ქართული წარმოშობის დიზაინერის შემოქმედების თაყვანისმცემლები გახდნენ.
დევიდ კომა თბილისში 1981 წელს დაიბადა და ბავშვობიდან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა. ის ქალის სილუეტებს ხატავდა და ლონდონში წასვლაზე ოცნებობდა, სადაც დიზაინერობის სწავლა უნდოდა. მაგრამ თავიდან კომა შტიგლიცის სახელობის სანქტ–პეტერბურგის სამხატვრო–სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.
სადებიუტო კოლექცია კომამ 15 წლის ასაკში შექმნა. კომას ბავშვობის ოცნება ახდა — ის ლონდონში გაემგზავრა, სადაც წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა. 2009 წელს კომამ საკუთარი მარკა შექმნა — David Koma.
დღეს დიზაინერი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ მას-მარკეტ-გიგანტთან Topshop — David Koma for Top shop, ხოლო 2014 წლიდან Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორია.