„თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქის დღესასწაულზე თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ელოდებათ საჰაერო თეატრის შოუ, სპექტაკლები, არტ-ბაზრობა და მრავალი სხვა ღონისძიება.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისობა", ტრადიციულად, ქალაქის რამდენიმე უბანს მოიცავს – რიყის პარკს, დედაენის ბაღს, ევროპის მოედანს, ბარათაშვილის ქუჩასა და პირველი რესპუბლიკის მოედანს.

კახა კალაძემ თბილისს სახალხოდ უმღერა

2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ უქმეებზე იმართება და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო.

კალაძის განცხადებით, წელს დედაქალაქის დღესასწაული დაემთხვა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და საქართველოში „ბრიტანულ სეზონს", რომელიც ითვალისწინებს 60-ზე მეტი ღონისძიების ჩატარებას მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ბიზნესის სფეროებში.

როგორც ქალაქის თავმა აღნიშნა, „თბილისობის" ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენა 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე ესპანური საჰაერო თეატრის Muare Experience შოუ გახდება, რომელიც მუსიკალური და ვიზუალური ხელოვნების სინთეზს წარმოადგენს.

„ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, „ბრიტანული სეზონის" ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, ფესტივალის პირველი კოპროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს", – განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილისობა, როგორც მეგობრობის დასტური“ - კალაძე მინსკის ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა>>

„თბილისობა" წელს 35-ედ აღინიშნება. პირველად ქალაქის დღე 1979 წელს აღინიშნა. შემდეგ, რთული პერიოდის გამო, 1989-1994 წლებში თბილისელებს დღესასწაული არ აღუნიშნავთ.