სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელი დააზარალა

გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ქარისა და სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს ადგენენ
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სტიქიამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ნაწილი დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძლიერი სეტყვა და ქარი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი მოხადა. სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის ვენახების ნაწილი კი დაისეტყვა.

„ახლა ვარკვევთ, რა ფართობის და რამდენი პროცენტითაა დასეტყვილი ვენახები. რაც შეეხება ველისციხის დაზარალებულ მოსახლეობას, გურჯაანის მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება“, – განაცხადა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები საბავშვო ბაღის ღობეს, ხოლო თვითონ ყვარელში კი გაჩერებულ Kamaz-ის მარკის ავტომანქანას დაეცა და დააზიანა.

გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ქარისა და სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს ადგენენ.