საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

თავისი კარიერის განმავლობაში ქართველ სპორტსმენს უთამაშია იტალიაში, გერმანიაში, სლოვენიაში, უკრაინაში, თურქეთსა და რუსეთში
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა „მანუმ“ - მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

თავისი კარიერის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლებში შემტევ მცველს ფეხის ქრონიკული ტრავმა აწუხებდა. სწორედ ეს გახდა 32 წლის კალათბურთელის დიდი სპორტიდან წასვლის მიზეზი.

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უზომოდ მადლიერია და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მადლობას ეუბნება მანუჩარ მარკოიშვილს იმ თავდადებისთვის, რასაც ის მთელი კარიერის მანძილზე იჩენდა ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში თამაშის დროს. სასიხარულოა, რომ მანუჩარ მარკოიშვილს გადაწყვეტილი აქვს კალათბურთში დარჩენა და საკუთარი მდიდარი და ფასდაუდებელი გამოცდილების ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება“, - ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მანუჩარ მარკოიშვილი თანამედროვე ქართული კალათბურთის ვარსკვლავია, ზაზა ფაჩულიასთან, ვიქტორ სანიკიძესთან, ვლადიმერ ბოისასთან ერთად.

იტალია, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი - 15 წლის ასაკიდან „მანუმ“ მოახერხა თამაში მრავალ ჩემპიონატში.

მანუჩარი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქართველი, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. მაშინ 16 წლის კალათბურთელი იტალიური „ბენეტონის" ფერებს იცავდა. 2004 წელს „მანუ“ გერმანელი „მიტელდოიჩერის“ შემადგენლობაში FIBA-ს თასის მფლობელი გახდა. 2014/2015 წლების სეზონში მარკოიშვილი მოსკოვის CSKA-ს ფერებს იცავდა.