რთველი რეკორდს ხსნის: უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში

ბოლო მონაცემებით, კახეთში რთვლის დაწყებიდან დღემდე ფერმერებმა უკვე ჩააბარეს 35 ათასი ტონა „რქაწითელი“, 14 ათასი ტონა „საფერავი“, 2,7 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვა ჯიშის ყურძენი.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გასული დღე-ღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 9 ათას ტონას მიაღწია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს მონაცემი ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია.

„რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებული არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები“, — წერს ღვინის ეროვნული სააგენტო.

ბოლო მონაცემებით, კახეთში რთვლის დაწყებიდან დღემდე ფერმერებმა უკვე ჩააბარეს 35 ათასი ტონა „რქაწითელი“, 14 ათასი ტონა „საფერავი“, 2,7 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვა ჯიშის ყურძენი. 

რთველი 2019: ყურძენი დაახლოებით ექვსი ათასმა მევენახემ ჩააბარა

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციისთვის საკოორდინაციო შტაბი „რთველი-2019“ სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვით – 1501.

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ხელისუფლება 2017 წლიდან ყურძნის ჩაბარების სუბსიდირებას აღარ ახორციელებს და ფასებს ბაზარი განსაზღვრავს.

მთავრობამ წელს 20 მილიონი ლარი გამოყო, რათა „რქაწითელზე“ ფასი 0,7 ლარზე ქვევით არ ჩამოვიდეს. მთავრობა აფინანსებს საწარმო „აკურას" კახეთში, რომელიც ამ ფასში იბარებს ყურძენს, რომელიც სხვა ქარხნებმა უფრო იაფად შეაფასეს.