„მოვითხოვთ ფულს“ – თბილისის საავიაციო ქარხანაში გაფიცვაა – ვიდეო

ავიაქარხანა „თბილავიამშენის“ თანამშრომლები უკვე ორი დღეა გაფიცულები არიან. საწარმოს მუშაობა შეჩერებული აქვს, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები – ხელფასების გაცემა და რამდენიმე თვის დამატებითი ანაზღაურება
Sputnik

ავიაქარხანა „თბილავიამშენის“ თანამშრომლები უკვე ორი დღეა გაფიცულები არიან. საწარმოს მუშაობა შეჩერებული აქვს, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები – ხელფასების გაცემა და რამდენიმე თვის დამატებითი ანაზღაურება.

ქარხნის დირექტორმა ირაკლი გოგიბერიძემ განაცხადა, რომ ხელფასების გაცემა დაგვიანდა, რადგან პროდუქციის შემსყიდველ ერთ-ერთ კომპანიას ჯერ არ გაუსწორებია ანგარიში.

საწარმოს ხელმძღვანელობის განცხადების შემდეგ, რომ არ იციან როდის შეძლებენ ხელფასების გაცემას, გაფიცულებმა თქვეს, რომ მოითხოვენ დირექტორის გადადგომასაც.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლებმა აქცია მარტშიც გამართეს. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ ანაზღაურების 23%-ით გაზრდის პირობა მისცა.

საწარმო „თბილავიამშენის“ ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროიდან იწყება. მას შემდეგ ქარხანამ 8,5 ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნა ექსპორტზე. 2010 წელს ქარხანა სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. „თბილავიამშენი“ არემონტებს საბრძოლო ტექნიკას, ასევე აწარმოებს სამხედრო თვითმფრინავებს და სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.