როგორ დავსაქმდეთ კვიპროსში ლეგალურად: პრაქტიკული რჩევები

დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.
Sputnik

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – კვიპროსის დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

კვიპროსის ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უწყვეტ ზრდას განიცდის. ეკონომიკური ზრდის შედეგად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლებიც.

მოთხოვნა მესამე ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმებაზე კვიპროსში აქტუალური ადრეულ 90-იანებში გახდა, როდესაც ეკონომიკური ზრდის სწრაფმა ტემპმა და სამუშაო ადგილების მომრავლებამ სამუშაო ძალის სერიოზული ნაკლებობა გამოიწვია.

როგორ დავსაქმდეთ ლატვიაში ლეგალურად: პრაქტიკული რჩევები

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე კვიპროსში

გაითვალისწინეთ, კვიპროსში მესამე ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე გრძელვადიანი მოთხოვნა არსებობს. მოთხოვნაა, ერთი მხრივ, დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაში, ასევე ტექნოლოგიურ კომპანიებში. კადრების დეფიციტი სხვა სფეროებშიც არსებობს (განსაკუთრებით ტურიზმი).

კვიპროსი არ აწარმოებს ე.წ. დეფიციტური პროფესიების სიას. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმება კვიპროსში ადგილობრივი დანაკლისების შესავსებად გამოიყენება.

გაითვალისწინეთ, რომ გარკვეულ სექტორებში (მაგალითად, მშენებლობა, ტურიზმი) მიუხედავად კადრების დიდი დეფიციტისა,  კვიპროსის მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივი მუშაკების მომზადებასა და დასაქმებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ სექტორებში ადგილობრივებს დასაქმების არც ისე დიდი სურვილი აქვთ მძიმე სამუშაო პირობების გამო.

კვიპროსში მიგრანტი მუშაკები უფრო მეტად მოიაზრებიან სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობის დარგში დაბალკვალიფიციურ მუშახელად. მესამე ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ასევე გამართლებულად ითვლება ტურიზმისა და ინდუსტრიის დარგებში მომუშავე მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, რომელთაც მაღალკვალიფიციური კადრი სჭირდებათ.

მალე: საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

მიგრანტი მუშახელის დასაქმება კვიპროსში – პრაქტიკული რჩევები

სამუშაო ვიზას მესამე ქვეყნის მოქალაქეს ინდივიდუალური შემთხვევის განხილვის შედეგად გადასცემენ.

ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, კვიპროსშიც დამსაქმებელი ვალდებულია აცნობოს ვაკანსიის შესახებ დასაქმების სამსახურს, რომელიც ცდილობს მოიძიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მუშახელი. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია დაიწყოს მესამე ქვეყნის მოქალაქის ძებნის პროცესი.

ე.წ. შრომის ბაზრის ტესტში ჩართულია სოციალური პარტნიორებისგან შემდგარი ტექნიკური კომისიები, რომლებიც მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენენ. შრომის ბაზრის ტესტისაგან თავისუფლდებიან ე.წ. განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები, რომლებიც მაღალკვალიფიციური (განსაკუთრებით ტექნოლოგიებში) კადრის მოძიებას ცდილობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასევე კვიპროსში მოქმედი უცხოური კომპანიები, რომელთათვისაც მოქმედებს კადრის დაქირავების დაჩქარებული პროცედურები.