თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. დანია არის იმ ორგანიზაციების წევრი, რომლებთანაც დაახლოება და ინტეგრაცია არის საქართველოს სტრატეგიული არჩევანი... დანია, როგორც ერთ-ერთი განვითარებული ევროპული ქვეყანა, ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპულ პოლიტიკაში, მის ჩამოყალიბებაში და ამ მხრივ საქართველოს ინტერესები ძალიან ფართოა, განუცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
მისი აზრით, განხილვის თემა იქნება, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, დანიის როლი და საქართველოს მოთხოვნების მხარდაჭერის შესაძლებლობა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს სამუშაო ვიზიტით დანიაში გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროს 69-ე სესიის მუშაობაში კოპენჰაგენში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 6,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 19,2 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს 4,5 ათასი დანიის მოქალაქე ეწვია, რაც 38,4%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. ხოლო 2019 წლის შვიდი თვის განმავლობაში – 2,6 ათასი.
საქართველოს და დანიას შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა. დანიაში საქართველოს საელჩო 2006 წელს გაიხსნა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.