20-21 ივნისის საქმე: ერთ-ერთი დაკავებული სასამართლოს დარბაზიდან გირაოთი გათავისუფლდა

ბაჯელიძეს ბრალი 17 ივლისს წარუდგინეს
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, იუწყება პირველი არხი.

ამრიგად, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ბაჯელიძის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

დაუმორჩილებელი დეპუტატი მელია პროკურატურაში დაიბარეს

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამატებითი სანქციის სახით, ბაჯელიძეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. თავად ბრალდებულმა სხდომაზე ბრალი აღიარა და იგი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

ოქრუაშვილის პარტია ლიდერის გასათავისუფლებლად მზადაა 500 ათასი ლარი გადაიხადოს >>

მეორე საქმის ფარგლებში არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრალდებით აქციის 17 მონაწილე იყო დაკავებული, მათგან 15 პატიმრობაშია, ხოლო ორი (ბაჯელიძის ჩათვლით) გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.