„12 სკამის" ახალი ვერსიის ეპიზოდებს საქართველოში გადაიღებენ

გადაღებებში მონაწილეობისთვის საქართველოს რუსეთის შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები დმიტრი ნაგიევი და დმიტრი ნაზაროვი ეწვევიან.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ილფისა და პეტროვის ლეგენდარული სატირული რომანის „12 სკამის" ახალი ეკრანიზაციის ერთ-ერთ ეპიზოდს საქართველოში გადაიღებენ, ნათქვამია „მოსფილმის" ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რიმეიკში მთავარ როლებს თეატრისა და კინოს წამყვანი რუსი მსახიობები დმიტრი ნაგიევი და დმიტრი ნაზაროვი ასრულებენ.

ეპიზოდების დიდი ნაწილი კინოსტუდია „მოსფილმის" პავილიონებში უკვე გადაღებულია.

რომანის ახალ სრულმეტრაჟიან ეკრანიზაციას პროდიუსერული ცენტრი „პრაიმი" და კინოკომპანია „სოლივსი" უშვებენ. რეჟისორი პიოტრ ზელენოვია.

ფილმის ახალ ვერსიაში ყოველგვარი ცენზურის გარეშე მთლიანად გამოყენებულია ავტორისეული ორიგინალი.

ნაზაროვი, ნაგიევისგან განსხვავებით, Instagram-ზე ხშირად აქვეყნებს გადასაღები მოედნიდან ფოტოებსა და ვიდეოს. ბოლოს გადაღებები სოჭში გაიმართა. გეგმაშია ასევე თბილისი და არხანგელსკი.

ფილმის გადაღებების დასრულება 2020 წლის ზამთარში იგეგმება.

საბჭოთა კინემატოგრაფისტების მიერ „12 სკამის" ეკრანიზაცია ორჯერ განხორციელდა – 1971 წელს ლეონიდ გაიდაის, 1976 წელს კი მარკ ზახაროვის მიერ.