„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა და მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა, გაისმა მოთხოვნა გამოცხადდეს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა თბილისში აშშ-ს საელჩოს წინ, რათა დაფიქსიროს თავისი უკმაყოფილება გასულ სამშაბათს, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით.

ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველს შორის დაპირისპირება მოხდა – ვიდეო

ინციდენტი 10 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდა, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირმა ინაშვილსა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის დევიდ კრამერს შორის ინციდენტი მოხდა. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა და სიტყვა მოითხოვა, რადგან ამ ღონისძიებაზე მის პარტია „პატრიოტთა ალიანსს", მისი აზრით, ცილი დასწამეს. მასთან მივიდა კრამერი და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. კრამერმა ბოლოს ყვირილი დაიწყო: „გადით აქედან".

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

აქცია მშვიდობიანი იყო და მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა აშშ-ს საელჩოსა და სხვა დიპლომატიურ უწყებებს რამდენიმე მოთხოვნა წამოუყენეს. მათ შორის, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერის გიგა ბოკერიას დაცვა. სააკაშვილი არის ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური სულისჩამდგმელი და დამფუძნებელი, ხოლო ბოკერია და „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები 2017 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ.

„ჩვენი პირველი მოთხოვნაა - შეწყდეს სააკაშვილ-ბოკერიას მფარველობა, არამარტო აშშ-ის საელჩოს მხრიდან, არამედ სხვა საელჩოების მხრიდანაც. შეწყდეს მათი დაფინანსება“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში წლის ბოლომდე დაინიშნება, გააცნობიერებს ვითარებას და „ქართველი ხალხის მხარეს დადგება".

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა აშშ-ის საელჩოსთან - მოგვაქციეთ ყურადღება ჩვენ და ქართველ ხალხს და იყავით ჩვენს გვერდით, და არა სააკაშვილი-ბოკერიების გვერდით“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს.

„ყველა უნდა მიხვდეს, რომ ტყუილია, თითქოს ნატოში შესვლას საქართველოში 77% უჭერს მხარს. ეს სიყალბეა, რადგან ბევრი მიხვდა, რომ ნატოში საქართველო ვერ მოხვდება. ამიტომ ამ შემთხვევაში სამხედრო ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი მისაღები პოლიტიკა. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, არანაირი ბლოკი, არანაირი ნატო, არც სხვა რომელიმე უცხოური ბაზა, არანაირი საერთაშორისო სწავლება“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

ამავე დროს პარტიის სხვა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქცია საელჩოსთან არ არის ანტიამერიკული.

„ეს აქცია არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის აქცია საქართველოს და ქართული დემოკრატიის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვაცხადებთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოს ხალხის მეგობარი იქნება და მიხვდება, რომ ქართველი ხალხი მწამებლებს არ შეეგუება“, - განაცხადა ინაშვილმა.

აქციაზე ასევე გაისმა პოზიცია, რომ საქართველომ უნდა გამართოს მოლაპარაკებები ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან, სოხუმთან და ცხინვალთან, რასაც აპლოდისმენტები მოყვა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მოსკოვში სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს სენატორებთან შესახვედრად 2017 წლის ივლისიდან საკუთარი ინიციატივით დადიან. ვიზიტების მიზანს ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. მათი მოთხოვნა ამ ვიზიტებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ, ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა. ბოლო, მეხუთე შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში 2019 წლის 15 ივლისს გამართა, მომდევნო შეხვედრა ოქტომბერში იგეგმება.