ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა 12 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლები პირველად მოიპოვეს
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი -  Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით ქართველი მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ, რომელიც ამ დღეებში ყაზახეთის დედაქალაქში - ნურ-სულთანში მიმდინარეობს.

55 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ შეჯიბრებაზე წურწუმიას ტოლი არ ჰყავდა. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ არცერთი შანსი არ დაუტოვა ყაზახ ჰორლან ჟაკანშას და ანგარიშით 9:0 გაიმარჯვა. ქომაგები მთელი ძალით გულშემატკივრობდნენ თავიანთ სპორტსმენს, მაგრამ ამან გავლენა არ მოახდინა ჩვენი მებრძოლის განწყობაზე.

გობაძისთვის აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვის წინააღმდეგ 82 კილოგრამამდე კატეგორიაში ფინალური ბრძოლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბრძოლის პირველი ნახევარი ქართველი მოჭიდავის უპირატესობით დასრულდა, რაც ანგარიშზე აისახა - 5:0. თუმცა, ჰუსეინოვმა მოახერხა დაპირისპირების გარდატეხა და ქულების მოპოვება დაიწყო. მიუხედავად ამისა, გობაძემ წინააღმდეგობას გაუძლო და ანგარიშით 5:3 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა 12 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები პირველად მოიგეს. 2007 წელს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ დავით ბედინაძე (-60 კგ) და რამაზ ნოზაძე (-96 კგ). მას შემდეგ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველები მსოფლიო ჩემპიონები არ გამხდარან.