დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა

დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი -  Sputnik. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის უნიკალური, ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტის გამოფენა გაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მონეტა დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია და მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

„ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“ - დავით აღმაშენებლის მონეტა ამ წარწერითა და გამოსახულებით ერთადერთია მსოფლიოში“, - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა

ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

გამოფენა საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში იმართება, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით. სეზონი ერთობლივად ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

დავით აღმაშენებლის მონეტის შესახებ ინფორმაციის ნახვა როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტსივრცეში სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზეა შესაძლებელი – www.britishcouncil.ge/en/king-david.

უნიკალური აღმოჩენა: დმანისში მარტორქის ნაშთიდან აღებული დნმ მსოფლიოში უძველესი აღმოჩნდა >>

დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა დღეს, 15 სექტემბერს გაიხსნა და 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.