ოჯახში მოძალადეებზე შესაძლოა ელექტრონული მონიტორინგი ამოქმედდეს

კანონპროექტის მიხედვით, მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვას გეგმავს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას პარასკევს წარუდგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, წარდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას.

ხუთი ადამიანის მკვლელობა კახეთში - 85 წლის ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა

უწყების ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნა. კერძოდ:

• ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას (ან მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს) მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;

• ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს;

• მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით);

„ვაზის ტალავერზე ჯაჭვით გამოაბა": მამა შვილზე სისტემატურად ძალადობდა

• ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;

• ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.

შემთხვევა ბათუმში: ქმარმა ცოლი დაჭრა >>

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ UN WOMEN-მა შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 3 244 ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით 10,38%-იან ზრდას წარმოადგენს. შსს-ს ინფორმაციით, საქმეების ნახევარზე მეტი გახსნილია. მიმდინარე წელს ქურდობის მერე ოჯახური ძალადობა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.