მარინა შუტოვა-გამსახურდია ათი წლის წინ გადმოსახლდა საქართველოში. პროექტის „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ფარგლებში ის თავად გიამბობთ საკუთარ შთაბეჭდილებებზე.
ჩემი მეუღლე ქართველია. ერთმანეთი გავიცანით მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც ერთად ვსწავლობდით. საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდით ნათესავების მოსანახულებლად და დასასვენებლად. მას შემდეგ კი, რაც ჩემი მეუღლის მამა გარდაიცვალა, დედა კი მარტო დარჩა, გარკვეული დროით საქართველოში დარჩენა გადავწყვიტეთ და საცხოვრებლადაც გადმოვედით. საქართველოში უკვე ათი წელია ვცხოვრობთ.
პირველად თბილისი სტუდენტობისას ვნახე. ამ ქალაქით, მისი კოლორიტით, მენტალიტეტით მოვიხიბლე — აქაური ცხოვრების წესზე დაკვირვება სიამოვნებას მანიჭებდა.
საქართველო აბსოლუტური მშვენიერების ქვეყანაა! აქ არის მთებიც, მინდვრებიც, მდინარეებიც, ტბებიც, ზღვაც - თითქმის ყველა კლიმატური ზონა. ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი ძალიან კომპაქტურია და შეკრული.
ქართული სამზარეულო თავიდანვე მომეწონა. უკვე ვარჩევ ნიუანსებს და თავადაც ვისწავლე ქართული კერძების მომზადება. ადრე ყველაფერი მეტისმეტად ცხარე მეჩვენებოდა. ახლა კი სხვა ქვეყნების კერძები მგონია უმარილო.
ქართველები, უდავოდ, ძალიან გულისხმიერი ხალხია. მათ უყვართ და იციან ქეიფი და დროსტარება, მომზადება, სტუმრების დახვედრა - ეს ყველამ იცის. თბილისი მეგაპოლისი არ არის და, შესაბამისად, აქ არც ისეთი გიჟური რიტმია, როგორიც მოსკოვში. უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ ისევ მოსკოვში ცხოვრებას ვამჯობინებდი, რადგან მიყვარს ეს ქალაქი და მისი ცხოვრების რიტმი, მაგრამ ასაკთან ერთად ეს ტემპი გღლის.
სრულიად აღმაფრთოვანა სვანეთმა. ვისხედით ვერანდაზე მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე რუსეთიდან ჩამოვიდნენ, გავცქეროდით მთებს და ვტკბებოდით უზარმაზარი მთვარის ცქერით. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს - ისეთია, როგორიც კინოში: ძალიან სწრაფად ამოდიოდა მთებიდან. მონუსხულები ვიყავით.
ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი პროფესია და ჰობი ერთიმეორეს ემთხვევა. მაქვს ორი უმაღლესი განათლება - ჯერ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უფრო მეტად მცენარეები მიტაცებდა. ერთხელ დავფიქრდი, რამ განაპირობა ჩემი არჩევანი, და გამახსენდა, რომ ბავშვობაში მშობლების აგარაკზე მიყვარდა ყვავილების დარგვა. მთავარი იყო, ყვავილები არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას ჰქონდა. მერე რამდენიმე კურსი გავიარე და გადავწყვიტე, მეორე სპეციალობას დავუფლებოდი.
სხვათა შორის, საქართველოში მუშაობა ძალიან რთულია, რადგან აქ ყვავილების მწირი ასორტიმენტია — ძირითადად ბუჩქები, ხეები და ვარდებია. და რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ საკმარისია, ტოტი მიწაში ჩაარჭო და ის თავისით გაიზრდება. მაგრამ ლანდშაფტურ ბაღებს სერიოზული მოვლა სჭირდება, აქ ამისთვის მზად არ არიან. შემხვედრიან კლიენტები, რომლებსაც მთელი სერიოზულობით უკითხავთ, მორწყვაც საჭიროაო? მე კი ვეუბნები: „დიახ, სიცხეში — ყოველდღე“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პროგრესი მაინც შეინიშნება. აქ რომ ჩამოვედი, პროფესია „ბაღის დიზაინერი“ საერთოდ არ არსებობდა. ყველა თავად რგავდა, უსისტემოდ. ახლა ვხედავ, როგორ აცნობიერებენ ადამიანები ნელ-ნელა, რომ საჭიროა არა მხოლოდ სახლის აშენება, არამედ იმის მოფიქრებაც, თუ როგორი იქნება ბაღი და კარ-მიდამო.
ზურა შევარდნაძის ბაღში ვიყავი — ის არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე ადამიანია და პატივისცემას იმსახურებს. პირველია, ვინც მსგავსი რამ შექმნა საქართველოში.
აი ბოტანიკურმა ბაღმა კი ღარიბი კოლექციით გამაკვირვა. პირველად რომ მივდიოდი დასათვალიერებლად, ვფიქრობდი, რომ საქართველოს უნიკალური კლიმატისა და ლანდშაფტის პირობებში, რაღაც წარმოუდგენელს ვნახავდი და აღვფრთოვანდებოდი. მაგრამ პირიქით მოხდა. დღეს, რასაკვირველია, იქ გარკვეული ძვრები შეინიშნება. ბოლო დროს მრავალფეროვანი მცენარეები გაჩნდა.
იცით, თურმე როგორ გამოიყურებოდა ადრე ქართული ბაღის „თაიგული? ეს ერთგვარი „ჯენტლმენური კრებული“ ყოფილა: უნდა დარგულიყო ვაზი, გაშენებულიყო ხეივანი, იქვე ბზა, პალმა, იუკა და ვარდი.
რომ მკითხონ, რომელ ყვავილს შედარებდი საქართველოსო, მაშინვე ვუპასუხებ - ვარდისფერ ვარდს−მეთქი. ეს ძალიან ნათელი და თვალშისაცემი ყვავილია, რთულია, ვერ შენიშნო. საქართველოც ასეთია - მისი ვერშემჩნევა შეუძლებელია. თანაც, აქ ძალიან უყვართ ვარდი, ის ძალიან, ძალიან ქართული ყვავილია. თითქმის არ შემხვედრია ეზო და ბაღი, სადაც ვარდი არ ხარობს - ეს გამორიცხულია...