ყვითელი ამბები

ქართველი მოდელის კიდევ ერთი წარმატება – მარიშა ურუშაძე Marc Jacobs-ის ჩვენებაზე გამოვიდა

„გუჩის“ ექსკლუზიური კონტრაქტის შემდეგ მარიშა ურუშაძემ საკუთარ პორტფოლიოს მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა შემატა.
Sputnik

ქართველი მოდელი „მარკ ჯეიკობსის“ ჩვენებაზე გამოვიდა, რომლითაც ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიხურა. წლებია ამერიკული მოდის მთავარი ღონისძიება მარკის ჩვენებებით იხურება, რაც იმით აიხსნება, რომ ის კვირეულის ერთ-ერთი (ბევრი იკამათებდა, რომ ერთადერთი) ყველაზე საინტერესო დიზაინერია.

დღესდღეობით ნიუ-იორკში მარკ ჯეიკობსი, ტომ ფორდი, მაიკლ კორსი და რალფ ლორენი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებული დიზაინერები, რომელთა ჩვენებებზე მოხვედრა ყველა იმ მოდელის მიზანია, ვინც ნიუ-იორკში მოდის კვირეულისთვის ჩადის.

შოუში მონაწილეობა ჯიჯი და ბელა ჰადიდებმაც მიიღეს. მარიშას ფოტო მარკ ჯეიკობსის სოციალურ გვერდზეც გამოაქვეყნეს. ნიუ-იორკის მოდის კვირეული 5 სექტემბერს გაიხსნა, რომელშიც ამერიკული მოდის წამყვანი დიზაინერები მონაწილეობდნენ.

სამოდელო სააგენტო Look Models-ის მოდელი მარიშა ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდანაა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან უკვე იმუშავა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL.

მარიშა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს Hollywood Model Management-ის რჩეული გახდა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.

წარმატებული გურული მოდელით ჰოლივუდი უკვე დაინტერესდა. მარიშა სამოდელო კარიერის პარალელურად განათლებასაც დიდ დროს უთმობს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხუთ ენას ფლობს და სწავლის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს.