ბათუმის კინოფესტივალზე მოზარდი რეჟისორების ფილმებს უჩვენებენ

მოზარდი რეჟისორების ნამუშევრებს საერთაშორისო კინოფესტივალ BIAFF-ზე პირველად უჩვენებენ.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ BIAFF-ის ფარგლებში პირველად იქნება ნაჩვენები მოზარდი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები.

ეს არის საერთაშორისო კინოფესტივალ Festimaj-ის, კინოსახელოსნო „ნიჩბისისა" და BIAFF-ის ერთობლივი პროექტი.

რით გააოცებს BIAFF-2019 კინომოყვარულებს – ფესტივალის პროგრამა

უკვე მეორე წელია სოფელ ნიჩბისში პროდიუსერი ირმა ინარიძე, რეჟისორი ჟილ ლემუნო და სცენარისტი კლოდ ლიუმე ბავშვებისთვის კინოსკოლას ატარებენ, სადაც ისინი კინემატოგრაფიის საფუძვლებს სწავლობენ, წერენ სცენარებს და საკუთარ ფილმებში თამაშობენ კიდეც.

BIAFF-ის პროგრამაში მოზარდი რეჟისორების მიერ გადაღებული ორი ფილმი და ასევე Festimaj-ის პირადი კოლექციიდან დიალოგების გარეშე ანიმაციური პროექტებია შესული.

Festimaj-ი სასკოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობენ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საავტორო კინოს რიგით მეთოთხმეტე ფესტივალი აჭარის დედაქალაქში 15-22 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.

კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ - ბათუმი BIAFF-ს მასპინძლობს

ფესტივალის საპატიო სტუმრები წელს იქნებიან ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და კინოს თეორეტიკოსი პოლ შრედერი (Paul Schrader), ფრანგი მსახიობი, უფრო მეტად ცნობილი როგორც ლეოს კარაკსას ალტერ-ეგო და მის ფილმებში თითქმის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი დენის ლავანი (Denis Lavant). ორივეს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადაეცემა.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF-ი ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფორუმის პროგრამა ტრადიციულად ორ კონკურსს მოიცავს - ეროვნულს და საერთაშორისოს.

საკონკურსო პროგრამასთან ერთად ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან მასტერ-კლასებს, სექციებსა და სემინარებს.