თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისი ქუჩის ხელოვნების ახალ საერთაშორისო ფესტივალს Tbilisi MURAL fest-ს უმასპინძლებს, რომელიც დედაქალაქში 17-25 სექტემბერს ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ცნობილი მხატვრები თბილისში ათ კედელს მოხატავენ.
„ჩვენ ვეცადეთ, რომ რაც შეიძლება განსხვავებული სტილის არტისტები შეგვერჩია, რათა სხვადასხვა ტიპის, განსხვავებული ნამუშევრები დარჩეს ქალაქში“, — განაცხადა პროექტის იდეის ავტორმა ბესიკ მაზიაშვილმა.
მისი თქმით, თბილისი ერთგვარ საგამოფენო ცენტრად იქცევა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ხელოვნების ისეთი მოღვაწეები, როგორებიც არიან El Bocho, Case Maclaim, HRVB და სხვები.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი მხატვრების ჩამონათვალში შედის ქართველი გრაფიკოს-დიზაინერი მუსია ქებურიაც, რომლის ნამუშევრებიც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში შეგხვდებათ.
ფესტივალის ბოლო დღეს, რომელსაც საფუძველი თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით ჩაეყარა, ორბელიანის განახლებულ მოედანზე კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე გამოვა დი-ჯეი ალექს კორძაია, რომელიც KORDZ-ის ფსევდონიმითაა ცნობილი.